ინტერვიუ ბნსუ-ს კანცლერთან 22.10.2020

ლალი ხვედელიძე: „ზღვა ჩემი ცხოვრების აზრია“
ქალბატონო ლალი, თქვენ საქართველოს საზღვაო დარგში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე ხართ. რამდენად რთული იყო გზა, რომელიც გაიარეთ და როგორ მოხვედით აქამდე?
ვერ ვიტყვი, რომ გზა რთული არ იყო, თუმცა საქმისადმი, განათლების სფეროსადმი ჩემი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ ეს სირთულე არ მიგრძვნია. ყველაფერი დაიწყო ოფიცერთა სახლით, სადაც ოფიცრებს ვამზადებდით ინგლისურ ენაში ასპირანტურაში მოსახვედრად. 2 წლის შემდგომ გავიარე კონკურსი და მოვხვდი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალში. შემდგომ კი, დაიწყო ფიქრი კოლეჯის დაარსებაზე, მოგვიანებით, კოლეჯიდან უნივესიტეტამდე მოვედით. საერთო ჯამში, ეს იყო სასიამოვნო გზა, რომელიც ამავდროულად იყო შრომატევადი.
როგორ გაჩნდა თქვენი უნივერსიტეტის დაარსების იდეა და რა გზა გაიარა ამ იდეამ დღემდე?
უნივერსიტეტის დაარსების იდეა გაუჩნდა უნივერსიტეტის რექტორს, ემზარ ხვედელიძეს. მოგეხსენებათ 90-იან წლებამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ახალგაზრდები საზღვაო განათლებას რუსეთის უნივერსიტეტებში ეუფლებოდნენ. მას შემდეგ , რაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ახლანდელი საზღვაო აკადემია, იმ დროს კოლეჯი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად გამოცხადებულიყო. სწორედ ამან გვიბიძგა კოლეჯის დაარსებაზე დაფიქრებისკენ, რადგან ეს რგოლი თავისუფალი დარჩა. მე და ემზარს განათლების მიმართულებით გამოცდილება გქვონდა, ამიტომაც მივხვდით, რომ ეს იყო საუკუთესო დრო და შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
ყველაფერი დავიწყეთ პროგრამების შექმნით, ამას მოჰყვა სერთიფიცირება, ლიცენზის მიღება. საწყისი ეტაპისთვის, ვიქირავეთ შენობა, რომელიც მდებარეობდა გოგებაშვილის ქუჩაზე და მივიღეთ 80 სტუდენტი. მაშინ ამაზე დიდი ფუფუნება არ გვქონია. ერთი წლის შემდეგ, ისევ ქირით, გადმოვედით მახინჯაურში, ამ შენობაში, რომელიც მაშინ სახელმწიფოს ბალანსზე იყო. მახსოვს, შენობას სველი წერტილებიც კი არ ჰქონდა, ჩვენ ჩავატარეთ რემონტი. ფინანსური პრობლემები გზადაგზა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენმა გათვლებმა გაამართლა. 5 წლის თავზე შენობის ყიდვაც შევძელით და ნელ-ნელა სტუდენტთა რაოდენობაც გაიზარდა.
თანამშრომლები, რომლებიც დაარსების დღიდან აქ არიან
ეკატერინე მუსხაჯბა, ეკა ჩიქოვანი, ნატო ჭყონია, ნატო სარუხანიშვილი, ინგა კარალიძე, როლანდ რიჩკოვი, ავთო გაბუნია, ომარ ლომიძე - ამ ადამიანების დამსახურება ძალიან დიდია, რადგან ისინი დაარსების დღიდან უნივერსიტეტში არიან.
როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
ვიცი, რომ საკმაოდ დატვირთულია.
სამუშაო დღე არის საკმაოდ დატვირთული. ვინაიდან მე ვარ კანცლერი, ანუ შინაურულად რომ ვთქვათ, აქაურობის დიასახლისი, სამსახურეობრივი და თანამდებობრივი ინსტრუქციებითაც მევალება სტრუქტურული ერთეულების ხშირი შემოწმება, ამიტომ, დილა სწორედ მათთან კომუნიკაციით იწყება. მივდივარ ყველა კაბინეტში, გავდივართ დღის გეგმას, ვამოწმებ შესრულებას. დღე დატვირთულია მშობლებთან, სტუდენტებთან შეხვედრებით, წერილებზე პასუხების გაცემით, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვით და სხვა აუცილებელი საქმეებით.
ამავდროულად, ახერხებთ ყოველთვის იყოთ ფორმაში...
კი, ეს ყოველთვის ასე იყო. სტუდენტობის პირველივე დღიდან ასე ვიყავი. ჩაცმას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი, მქონდა სტიპენდია და იმ თანხას შოპინგისთვის ვიყენებდი, ხან ჩექმას ვყიდულობდი, ხან ტანსაცმელს. საბოლოო ჯამში არაჩეულებრივი გარდერობი მოვიწყვე. ყოველთვის გამორჩეულად მეცვა და მიყვარდა თავის მოვლა. მაკიაჟის და პომადის გარეშე გარეთ არასდროს გავდიოდი. მახსოვს, ერთხელ უფროსკურსელებმა მკითხეს: „-ლალი, როგორ არ გეზარება ყოველდღე ფორმაში ყოფნაო“. ჩემთვის კითხვა შოკისმომგვრელი იყო. როგორ შეილება ქალს თავის მოვლა მობეზრდეს? 70 წლის ვარ და ჩემთვის დღემდე არაფერი შეცვლილა. 9-ის ნახევარზე ვდგები, დილას ვარჯიშით ვიწყებ, შემდეგ აბაზანაში შევდივარ, საუზმეს მეუღლე მიმზადებს. ამას მოჰყვება ტანსაცმლის შერჩევა. ეს ყველაფერი იმდენად გამომუშავებული მაქვს, სულ რაღაც 15 წუთში ვასწრებ. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად დიასახლისობაც არაჩვეულებრივად გამომდის.
თქვენ გაქვთ ძლიერი ქალის იმიჯი, ხართ გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში. ამ გადმოსახედიდან, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, კარიერა თუ ოჯახი?
ორივე, თუმცა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც ოჯახია. თუ ქალს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ იყოს დაკავებული, აკეთოს მისთვის საყვარელი საქმე და ამავდროულად ყურადღება არ მიაკლოს ოჯახს - ეს უკვე შედევრია!
ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი თქვენ გარეშე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით უყვარხართ ყველა თანამშრომელს, სტუდენტებს. როგორ ახერხებთ ამას?
დავიწყებ იმით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია. ვინც არ უნდა იყოს, მეუღლე, შვილი, მეგობარი, ნათესავი თუ უბრალო ნაცნობი, შენ ის უნდა გიყვარდეს. ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ მთავარია ვუყვარდე. არა, ეს არ არის ასე. მთავარია შენ გიყვარდეს. ჩემთვის ასე იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი. ამ დამოკიდებულებებით ვარ სამსახურშიც. პირველ რიგში, მე უნდა მიყვარდეს ჩემი თანამშრომელი. მე უნდა მივიღო ის გულით, რომ შემდგომ რაღაცებზე თვალი დავხუჭო, რაღაცები ვაპატიო. მე რომ ის მეყვარება, შემიყვარებს ისიც, შეიყვარებს სხვა დანარჩენ თანამშრომლებსაც და თბილ გარემოში საქმე გულით კეთდება. ნატო ჭყონია ხუმრობს კიდეც, ქალბატონო ლალის ყველა შეხვედრა იწყება სიტყვებით: „გიყვარდეთ ერთმანეთიო“. დიახ, მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენს დაწესებულებაში მსგავსი ურთიერთობები არსებობს და ადამიანებს უყვართ ერმანეთი.
რა არის თქვენთვის ზღვა და საზღვაო სფერო? რატომ მაინცდამაინც ეს მიმართულება?
ზღვა - ჩვენი ქვეყნის მომავალია და მიხარია, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. როდესაც ჩვენ კოლეჯის დაარსებაზე ფიქრი დავიწყეთ, ეს ის პერიოდი იყო, როცა საზღვაო დარგისთვის სასაცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო კონკურენცია. ამიტომაც შევაჩერეთ არჩევანი ამ სფეროზე. ამას რომ თავი დავანებოთ, ზღვა ჩემი ცხოვრების აზრია. 19 წლის ვიყავი, როცა შევქმენი ოჯახი მეზღვაურთან, ვცხოვრობდი ზღვით და დღემდე ასე ვარ. ზღვას უკავშირდება ჩემი პირადი ცხოვრებაც და კარიერაც.
თქვენი საქმით პოპულარიზაციას უწევთ ამ პროფესიას. მეზღვაურის პროფესიას.
რა როლი აქვს დარგს აჭარისთვის და რას აკეთებთ იმისთვის, რომ მეტი ქალი იყოს ჩართული? და ზოგადად, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა ჩართულობა საზღვაო განათლებასა და ზოგადად, საზღვაო ინდუსტრიაში?
ქალის როლის გაზრდის ნათელი მაგალითია თამარ იოსელიანი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს და ხელმძღვანელობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა ანგრევს სტერეოტიპს, რომ ზღვა კაცის საქმეა. ჩვენ პუპულარიზაციას ვუწევთ დარგს და ყველა შეხვედრაზე ვცდილობთ ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ მეზღვაურობა ქალსაც შეუძლია. ამის მაგალითია ჩვენი სტუდენტი ანასტასია ქაჯაია, რომლის სახელი და გვარი შესაძლოა ბევრისთვის ნაცნობია კიდეც. მოვა დრო როდესაც, იგი დაბრუნდება ზღვიდან და ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტებს პირად გამოცილებას და ცოდნას გაუზიარებს, ჩვენ მის გამბედაობას მხარს ვუჭერთ და სამომავლოდაც ასე იქნება.
და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ და სად ხედავთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს უახლოესი 10 წლის განმავლობაში?
10 წლის შემდეგაც აქ ვარ, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში. ეს ჩემი ოჯახია და სხვა ვერაფერზე ვფიქრობ!
ლალი ხვედელიძე, WISTA Georgia-ს თავმჯდომარეა. WISTA - საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ორგანიზაციაა, სადაც საზღვაო გადაზიდვების და ბიზნესის განვითარების სფეროში მსოფლიო მასშტაბით მმართველ პოზიციებს ქალები იკავებენ. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს სანაოსნო ინდუსტრიაში, რაც შეიძლება მეტი ქალი ჩაერთოს და მათი როლი გაიზარდოს. WISTA უკვე 40 სახელმწიფოს აერთიანებს და მასში 3000-ზე მეტი ქალია გაწევრიანებული.
