სიახლეები უკან

ბნუ-ს X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „Sustainable Transport System and Maritime Logistics“

25 ივნისი 2026

2026 წლის 24 ივნისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით, X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა თემაზე - „Sustainable Transport System and Maritime Logistics“.

კონფერენციამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო აკადემიური და საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 35 უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულების 133-მა მკვლევარმა და ექსპერტმა, რომლებმაც წარმოადგინეს 61 სამეცნიერო ნაშრომი. წარმოდგენილი კვლევები მოიცავდა საზღვაო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, მწვანე ტექნოლოგიების, საზღვაო ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის, საზღვაო განათლების, უსაფრთხოების, სამართლის, ასევე საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის აქტუალურ საკითხებს.

კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ივანე აბაშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ როლზე რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო სისტემაში, საზღვაო განათლების განვითარების მნიშვნელობასა და მდგრადი საზღვაო ლოგისტიკის პერსპექტივებზე.

„დღეს მსოფლიო სატრანსპორტო სექტორი მნიშვნელოვანი გარდაქმნის ეტაპზე იმყოფება. საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ბუნებრივ ხიდს წარმოადგენს, აქტიურად ავითარებს შუა დერეფანს, თანამედროვე პორტის ინფრასტრუქტურასა და ციფრულ ტექნოლოგიებს. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საზღვაო პორტებში ტვირთბრუნვა დაახლოებით 46%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის, მზარდ მნიშვნელობას ადასტურებს. თუმცა, ჩვენი მთავარი რესურსი ადამიანები არიან — 21 000-ზე მეტი ქართველი მეზღვაური, რომლებიც საერთაშორისო ფლოტში პროფესიონალიზმისა და მაღალი კომპეტენციის სიმბოლოდ იქცნენ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ინვესტირებას საზღვაო განათლებაში, ინოვაციებსა და ახალი თაობის სპეციალისტების მომზადებაში, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მდგრად, ციფრულ და კონკურენტუნარიან საზღვაო სახელმწიფოდ.“ - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. დღის განმავლობაში გაიმართა თემატური სესიები, რომელთა ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა, მკვლევრებმა და დარგის პრაქტიკოსებმა ერთმანეთს გაუზიარეს უახლესი სამეცნიერო კვლევები, ინოვაციური მიდგომები და პროფესიული გამოცდილება მდგრადი სატრანსპორტო სისტემებისა და საზღვაო ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი მადლობას უხდის კონფერენციის ყველა მომხსენებელს, მკვლევარს, პარტნიორ ორგანიზაციასა და მონაწილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ცოდნის გაზიარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის, ინოვაციებისა და საზღვაო განათლების განვითარების ხელშეწყობას.