ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი (ბნუ), პირველი და ერთადერთი კერძო საზღვაო უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც 1999 წელს, შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პარმენ ხვედელიძემ დააარსა და დღემდე ემსახურება ქართული საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნისათვის საკუთარი და უნიკალური ადგილის დამკვიდრების საქმეს.
ბნუ წარმოადგენს კონკურენტუნარიან, მაღალტექნოლოგიურ, საერთაშორისო აღიარების მქონე, ცნობად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი, საერთაშორისო და ეროვნულ დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული განათლების მიღებასა და დარგში ახალი ცოდნის შექმნას.
ამჟამად, ბნუ-ს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს წარმოადგენს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი, პროფესიული განათლების დეპარტამენტი, და ასევე, საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი, რომელიც სტუდენტების, პროფესიული სტუდენტების, კურსდამთავრებულების და უკვე მოქმედი მეზღვაურების მომზადება-გადამზადებას ემსახურება.
ჩვენი უპირატესობაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მაღალკვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე განმახორციელებელი პერსონალი.
ჩვენი პრიორიტეტია სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი ახდენს თავისი პოტენციალის რეალიზებას.
ბნუ მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუციებთან, დარგობრივ ორგანიზაციებთან, კვლევით ინსტიტუტებთან და გემთმფლობელ კომპანიებთან. 2002 წლიდან უნივერსიტეტი ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკატის მფლობელია.
უნივერსიტეტის ისტორია
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, როგორც საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულება, ფუნქციონირებს 1999 წლიდან, როდესაც იგი დაფუძნდა სახელწოდებით „ბათუმის საზღვაო კოლეჯი – მეზღვაურთა სკოლა“. 2002 წელს, მის ბაზაზე ამოქმედდა საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი „მერკური“, რომელიც ემსახურებოდა საზღვაო საწვრთნელ კურსებზე მეზღვაურთა მომზადება-გადამზადებასა და სერტიფიცირებას. 2007 წელს დაფუძნდა ,,ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი“, 2008 წელს მას ეწოდა „ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“ (ბნსუ). „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალური სახელწოდება 2025 წლის ივნისში შეიცვალა და ახალი სახელია ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი (ბნუ).
უნივერსიტეტს დღემდე მისი დამფუძნებლები პარმენ და ლალი ხვედელიძეები ხელმძღვანელობენ.
ჩვენი იურიდიული სტატუსი
ბნუ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის სამეწარმეო იურიდიულ პირს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსი და მოქმედებს, როგორც ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კონსტიტუციის‚ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების და მისი წესდების შესაბამისად.
- სრული სახელწოდება: შპს “ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი” / Ltd “Batumi Navigation University”
- საფირმო სახელწოდება: “ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი”
- შემოკლებული სახელწოდება: “ბნუ” / “BNU“
- იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი ბათუმი, თამარ მეფის გამზირი № 38
მისია
ბნუ-ს მისიაა უმაღლესი (საბაკალავრო, სამაგისტრო), პროფესიული და სასერტიფიკატო აქტუალური პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებით უზრუნველყოს ხარისხიანი განათლება საზღვაო ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტექნოლოგიების, მომსახურების, ადმინისტრირების, მართვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა სფეროებში, რაც შექმნის ცოდნისა და უნარების მუდმივად სრულყოფა-განახლების, პიროვნული და პროფესიული განვითარების, ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით და განათლების ბაზარზე კონკურენტუნარიანობისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებით, ინოვაციების გაზიარებით, კვლევების მხარდაჭერით, სწავლის სუბიექტებზე ორიენტირებული გარემოს შექმნით, ბნუ მიმართულია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების პრინციპის მხარდაჭერაზე, საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაზე და სოციალურ პასუხისმგებლობაზე.
ხედვა
ბნუ-ს ხედვა ემყარება სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ ბნუ დარჩეს დინამიურ და მომავალზე ორიენტირებულ ინსტიტუციად და დარგობრივ სივრცეში აღიარებულ ბრენდად, რომელიც განაპირობებს პოზიტიურ ცვლილებებს, მხარს უჭერს ინსტიტუციურ მდგრადობას, ოპერატიულ ეფექტურობას და სწავლა-სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას.
ღირებულებები
- მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზია;
- ერთიანობა, არჩევანის, გადაწყვეტილების მიღების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
- პროფესიონალიზმი, აკადემიური თავისუფლება, პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;
- საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა;
- სოციალური პასუხისმგებლობა;
- ინოვაციებისადმი მზაობა.
სტრატეგიული მიზნები
მისიისა და ხედვის საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით, SWOT ანალიზის და საუნივერსიტეტო საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნივერსიტეტმა გამოკვეთა მომავალი შვიდი წლის მანძილზე თავისი საქმიანობის ხუთი სტრატეგიული მიზანი, კერძოდ:
მიზანი 1. ინსტიტუციური მდგრადობა და მუშაობის ეფექტიანობა
მიზანი 2. აკადემიური პროცესის და პროგრამული მიმართულების რეგულარული განვითარება
მიზანი 3. კვლევითი და ინოვაციური საქმიანობის განვითარება
მიზანი 4. ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის განვითარება
მიზანი 5. სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების / მსმენელების განვითარებისა და თვითრეალიზების ხელშეწყობა
მიზანი 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
