BSM Smart Academy

BSM Smart Academy - პროფესიული მომზადება პირველივე კურსიდან

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, პირველივე კურსიდან გაქვთ შესაძლებლობა, დაიწყოთ პროფესიული განვითარება და ურთიერთობა მომავალ დამსაქმებელთან.

ბნუ-ს თანამშრომლობა საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანია Bernhard Schulte Shipmanagement (BSM)-თან, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საზღვაო ნავიგაცია" და „გემის მექანიკა" პირველი კურსის სტუდენტებს, გაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოთ BSM Smart Academy-ის პროგრამაში და ეტაპობრივად მოემზადოთ საერთაშორისო საზღვაო კარიერისთვის.

რატომ არის პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი?

ბნუ-ში საზღვაო-საცურაო პრაქტიკას მეოთხე კურსზე, მერვე სემესტრში გაივლით. პრაქტიკის პერიოდში უნივერსიტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებთ და პროფესიულ უნარებს განივითარებთ.

BSM Smart Academy ამ პროცესისთვის მომზადებას გაცილებით ადრე, პირველივე კურსიდან იწყებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მერვე სემესტრში საკადეტო პრაქტიკას გაივლით BSM-ის შორეული ნაოსნობის გემებზე.

პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმით, რომ:

  • ადრეული ეტაპიდან გაეცნობით საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებს;
  • თეორიულ ცოდნას დაუკავშირებთ გემზე მუშაობის პრაქტიკულ გარემოს;
  • განივითარებთ პროფესიულ ინგლისურ ენას, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის უნარებს;
  • უკეთ გაიგებთ, რას მოელის საერთაშორისო დამსაქმებელი მომავალი მეზღვაურისგან;
  • კომპანიას ექნება შესაძლებლობა, სტუდენტობის პერიოდშივე გაეცნოს თქვენს პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციას.

რა უნდა გაითვალისწინოთ?

BSM Smart Academy-ში მონაწილეობა არის შესაძლებლობა, რომელიც მოითხოვს სტუდენტის აქტიურ ჩართულობასა და პასუხისმგებლობას. პროგრამის წარმატებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • პროფესიული საგნების საფუძვლიანი შესწავლა;
  • ინგლისური ენის ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება;
  • დისციპლინა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • მაღალი აკადემიური და პროფესიული შედეგების შენარჩუნება;
  • პროფესიული განვითარებისადმი მოტივაცია.

პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს კარიერული შედეგის ავტომატურ გარანტიას — შემდგომი პროფესიული წინსვლა დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, უნარებზე, პასუხისმგებლობასა და შედეგებზე. თუმცა, პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას, სწავლის პირველივე ეტაპიდან მიზანმიმართულად მოემზადოთ საერთაშორისო საზღვაო კარიერისთვის და შექმნათ პირდაპირი პროფესიული კავშირი პოტენციურ დამსაქმებელთან.

როგორ ჩაერთოთ?

BSM Smart Academy-ში ჩართვის მსურველ პირველკურსელებთან გასაუბრება გაიმართება პირველი კურსის მეორე სემესტრში. გასაუბრების თარიღისა და მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება ბნუ-ს ოფიციალურ ვებგვერდსა და ელექტრონულ ჟურნალში.

მანამდე კი ყურადღება მიაქციეთ პროფესიული საგნების, ინგლისური ენისა და საკუთარი პროფესიული უნარების განვითარებას.

დაიწყეთ საზღვაო კარიერისთვის მზადება პირველივე კურსიდან.

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

გიორგი გაბედავა 

BSM Smart Academy-ის კოორდინატორი

ელ. ფოსტა: g.gabedava@bnu.edu.ge