სტუდენტთა მხარდაჭერა

იურიდიული კონსულტაცია 

ბნუ-ს იურისტი ყოველთვის მზად არის სტუდენტებს გაუწიოს იურიდიული დახმარება და კონსულტაცია მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებთან მიმართებით. ეს მომსახურება განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც შესაძლოა გაუჩნდეთ კითხვები სამართლებრივი ხასიათის თემებზე, იქნება ეს განათლების სფეროში არსებული რეგულაციები, შრომითი ურთიერთობები, სტუდენტის უფლებები თუ სხვა იურიდიული საკითხები.

ელ. ფოსტა: n.gobadze@bnu.edu.ge 

 

ფსიქოლოგიური რისკების მართვა

ბნუ სტუდენტებს სთავაზობს მოკლე ტრენინგს "ფსიქოლოგიური რისკების მართვა", რომელიც მონაწილეებს აცნობს ფსიქოლოგიური რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის საფუძვლებს როგორც საგანმანათლებლო, ისე პროფესიულ გარემოში, მათ შორის საზღვაო სექტორში. განხილული თემებია სტრესისა და გადაღლის მართვა, ემოციური გამძლეობა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ამოცნობა და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ტრენინგი განსაკუთრებით გამოსადეგია სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის და მეზღვაურებისთვის, რომლებიც მუშაობენ სტრესულ ან იზოლირებულ პირობებში.

ელ.ფოსტა: training@bnu.edu.ge 

 

ფსიქოლოგის კონსულტაცია

ბნუ უზრუნველყოფს სტუდენტების უფასო ფსიქოლოგიურ კონსულტირებას პირად, პროფესიულ და აკადემიურ საკითხებზე.

ელ.ფოსტა: t.gogiashvili@bnu.edu.ge 

 

უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციის პროგრამა 

მოიცავს უფასო ქართული ენის კურსს, კულტურული ადაპტაციის ღონისძიებებს და სოციალურ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციას საუნივერსიტეტო გარემოში.

ელ.ფოსტა: languageschool@bnu.edu.ge 

 

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა

ბნუ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზღვაო დარგში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტი ქალბატონებს უფასოდ სთავაზობს სწავლებას "საზღვაო ნავიგაციის" საბაკალავრო პროგრამებზე (როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროგრამაზე). ეს ინიციატივა ემსახურება საზღვაო დარგის ქალებში პოპულარიზაციას და წარმოადგენს უნივერსიტეტის წვლილს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) კამპანიაში "Women in Maritime", რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას და ქალების როლის გაძლიერებას. ეს შესაძლებლობა ზრდის ქალი სტუდენტების რაოდენობას ისტორიულად მამაკაცებით დომინირებულ პროფესიაში და უზრუნველყოფს მრავალფეროვან და ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.

ელ.ფოსტა: studentsservice@bnu.edu.ge

 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების ხელშეწყობა

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აღიარებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანასწორ უფლებას განათლების მიღებასა და მხარდაჭერაზე, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის დაუშვებლობას და მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებას. უნივერსიტეტი ხელს უწყობს მათ სასწავლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას, აკადემიურ და სოციალურ განვითარებას, საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობას.

უნივერსიტეტი ითვალისწინებს სსსმ და შშმ პირებისთვის ადაპტირებული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს შექმნას, საჭირო საგანმანათლებლო რესურსებისა და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, პერსონალის კომპეტენციების განვითარებასა და კონფიდენციალურობის დაცვას. საჭიროების შესაბამისად, შესაძლებელია ინდივიდუალური სასწავლო სივრცის, დამხმარე პირის, ფინანსური ან მატერიალური დახმარებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტების/მსმენელების თანაბარ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტში ინტეგრაციას.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბნუ-ს შინაგანაწესი.