ბნუ მეცნიერების ფესტივალზე წარსდგა
2025 წლის 19 სექტემბერს, ბნუ-მ მონაწილეობა მიიღო მეცნიერების ფესტივალში - “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც უნივერსიტეტებმა, ორგანიზაციებმა, კვლევითმა ცენტრებმა, კერძო და საჯარო სკოლებმა, ასევე მუზეუმებმა, სპეციალურად მოწყობილ 45-მდე სტენდზე ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები, სახალისო აქტივობები და სამეცნიერო პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
ბნუ-მ ღონისძიებაზე სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები და პუბლიკაციები წარადგინა. დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ბნუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “ელექტროობის” პროფესიული სტუდენტების ინოვაციურმა გამოგონებამ.
ღონისძიების მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ინტერესის გაღვიძება და მათი ჩართულობის გაზრდა კვლევით და ინოვაციურ საქმიანობაში.
ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
