ბნუ მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე
2026 წლის 25 ივნისს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი.
ბნუ-ს სტუდენტები ჩაერთნენ დღის განმავლობაში გამართულ ტრადიციულ საზეიმო მსვლელობაში და საკუთარი მონაწილეობით ხაზი გაუსვეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღის მნიშვნელობას. გარდა ამისა, მათ მონაწილეობა მიიღეს საღამოს გამართულ დასკვნით ოფიციალურ ღონისძიებაში, სადაც საზეიმო პროგრამა ოფიციალურად დასრულდა.
ბნუ-მ ასევე აქტიურად მონაწილეობდა ევროპის მოედანზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც საბავშვო გასართობ და შემეცნებით აქტივობებს დაეთმო. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე მისულ ბავშვებსა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული აღიარება მიენიჭათ ბნუ-ს წარმომადგენლებს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელს-კანცლერს, ლალი ხვედელიძეს, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო-ღირსების მედალი გადაეცა.
ბნუ-ს რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პარმენ ხვედელიძე, საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა. იგივე ჯილდო გადაეცა ბნუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორს, უფროს მექანიკოსს, ბორის კვიკვინიას.
