სიახლეები უკან

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

2 ივნისი 2023
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თარიღი სიმბოლურად აღნიშნეს. ისინი ესტუმრნენ საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ და ბენეფიციარებს ტკბილეული გადასცეს. ღონისძიება დაგეგმილი იყო ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ. ბავშვთა დაცვის დღეს 1 ივნისს მსოფლიოში 1950 წლიდან აღნიშნავენ. გადაწყვეტილება 1949 წლის ნოემბერში იქნა მიღებული. გაერომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და ბავშვთა უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. ისტორიაში ცალსახად არაა მოცემული თუ რატომ აღინიშნება ეს დღე მაინცდამაინც 1 ივნისს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში თავი მოუყარა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ჩინელ ბავშვებს და მოუწყო დღესასწაული. ეს 1 ივნისს მოხდა, ზუსტად მაშინ როცა ჟენევაში იმართებოდა ბავშვების თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ბავშვთა საერთაშორისო დღეს თავისი სომბოლური დროშა გააჩნია. მწვანე ფონზე დედამიწის ირგვლივ განთავსებულია სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურები. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის ეწყობა მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები. იმართება საქველმოქმედო აქციები. ამ დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, ავადმყოფ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებს.