აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა 24.11.2021

2021 წლის 24 ნოემბერს აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტის (Academic Advisory Committee - AAC) რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ხარისხის სპეციალისტი დაესწრო.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო სასწავლებლების, საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა გახსნა და ხაზი გაუსვა კომიტეტის მუშაობის მნიშვნელობას დამსაქმებლებისა და საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესების დაახლოვების, კომპეტენტური და მოთხოვნადი საზღვაო სპეციალისტების მომზადების პროცესში.
მისი თქმით, საზღვაო განათლების განვითარება წლების განმავლობაში სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიმართულების გაძლიერებაზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.
“აღნიშნული ფორმატი ყოველწლიურად გვაძლევს შესაძლებლობას გავიგოთ ინდუსტრიის ხმა, მათი საჭიროებები და დამსაქმებლების მოთხოვნებს მოვარგოთ საწვრთნელი და საგანმანათლებლო პროგრამები“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
კომიტეტის წევრებმა გასული შეხვედრიდან დღემდე განხორციელებული ცვლილებები, დაგეგმილი პროექტები განიხილეს, იმსჯელეს საზღვაო განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების აქტუალურ საკითხებზეც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პანდემიის პირობებში ქართველი მეზღვაურების როტაციის წარმატებულ მართვას სახელმწიფოს ჩართულობით.
აკადემიური საკონსულტაციო კომიტეტი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა და სააგენტოს, საზღვაო სასწავლო დაწესებულებების, საწვრთნელი ცენტრებისა და ქართველი მეზღვაურების ძირითადი დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს.

