BLUE PORTS პროექტის მესამე საკონსულტაციო შეხვედრა
2025 წლის 2 ივნისს, გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „ლურჯი პორტები" (BLUE PORTS) ეროვნული ტექნიკური კომიტეტის მესამე საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა.
პროექტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტრენინგისა და სერტიფიცირების სქემის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და სერვისების ინტეგრაციას, ასევე ახალი საოპერაციო მეთოდების დანერგვას კლიმატური ნეიტრალობის მისაღწევად.
მესამე საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს:
სერტიფიცირების რეგულაციის დასრულება, რომელიც მოიცავს:
- სერტიფიცირების შენარჩუნებისა და განახლების პროცედურებს;
- სქემის პერიოდული გადახედვისა და განახლების მექანიზმებს;
სქემის შენარჩუნება და გავრცელების შესაძლებლობა:
- ადაპტირებისა და გავრცელების სტრატეგიები ევროკავშირის მასშტაბით;
- გავრცელებისა და გრძელვადიანი მდგრადობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა BLUE PORTS სერტიფიცირების სქემის ეროვნულ სისტემებთან შერწყმისა და მისი ზემოქმედების გაძლიერების საკითხები.
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია უახლესი ციფრული სასწავლო მასალებისა და ინსტრუმენტების შექმნა, 200-ზე მეტი კვალიფიციური პროფესიონალისა და 150-ზე მეტი ახალგაზრდა კადრის გადამზადება მონაწილე ქვეყნებში.
BLUE PORTS-ის ინოვაციური სერტიფიცირების სქემა, რომელიც ორიენტირებულია პატარა და საშუალო პორტებზე და შეესაბამება ISO/IEC 17024 სტანდარტებს, საწყის ეტაპზე ტესტირებას გაივლის და დამტკიცდება ხმელთაშუა და შავი ზღვის შერჩეულ პორტებში.
BLUE PORTS კონსორციუმს ხელმძღვანელობს კრეტას ტექნიკური უნივერსიტეტის (TUC) განახლებადი და მდგრადი ენერგიის ლაბორატორია, რომელიც აერთიანებს რვა პარტნიორს საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საქართველოდან და ტუნისიდან, ასევე, 26 მხარდამჭერ ორგანიზაციას.
ბნსუ აგრძელებს საერთაშორისო პროექტებში აქტიურ ჩართულობას, რაც უზრუნველყოფს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნისა და უნარების გადაცემას. ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის მწვანე ტრანსფორმაციასა და ნულოვანი ემისიის მიღწევას პორტების საქმიანობაში.
