ბნსუ დარგის პოპულარიზაციის მიზნით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობს

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და სოციალურ და ჰუმანიტარ მეცნიერებათა კათედრის გამგე მოსწავლეებს შეხვდნენ. დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა. ნაირა ტაბიძე და გელა გვარიშვილი ახალგაზრდებს რამდენიმე მიმართულებით ესაუბრნენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნეს თუ რა ეტაპები განვლო სასწავლო უნივესიტეტმა დაარსების დღიდან, 1997 წლიდან-დღემდე.
რექტორის მოადგილის, პროფესორ გელა გვარიშვილის განცხადებით, ბნსუ ის უმაღლესი სასწავლებელია, რომლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია.
ახალგაზრდებს ჰქონდათ კითხვები გრანტის მოპოვების, პრაქტიკის მიღების, დასაქმების ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მას 100-მდე მოსწავლე დაესწრო. სამომავლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი რამდენიმე მათგანმა გამოთქვა, მათ შორის გოგონებმა.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი შეხვედრებს საზღვაო დარგის პოპულარიზაციის მიზნით სამომავლოდაც გააგრძელებს. საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულია. მომდევნო 6 წლის განმავლობაში სასწავლო უნივერსიტეტი განახორციელებს პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას.
სასწავლებელში ამ ეტაპზე 500-მდე სტუდენტი ირიცხება, ფუნქციონირებს 2 ფაკულტეტი - საზღვაო–საინჟინრო ფაკულტეტი და ლოგისტიკის.

