ბნსუ-ს სტუდენტი ნია მსხალაძე
18 მაისი 2024
“13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მასწავლებლის კითხვაზე, თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი, ზედმეტი ფიქრის გარეშე ვუპასუხე - გემის კაპიტანი. ამის შემდეგ, თანატოლებისა თუ უფროსებისგან განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ერთი წამითაც არ მიყოყმანია და ყოველდღე ჩემს ოცნებას ვუახლოვდები“ - ნია მსხალაძე ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის საზღვაო ნავიგაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელია და ამავე დროს, ერთადერთი სტუდენტი გოგოა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტში მოვხვდი. აქ ყველა რესურსია პროფესიის დაუფლებისთვის და ჩემი მიზნის მიღწევისთვის“.
ნიას ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახულობას და შეუპოვრობას ყველაზე მღელვარე ზღვის დაპყრობაც კი შეუძლია.
„ჩემთვის მეზღვაური ქალი სიძლიერეს განასახიერებს. მოვუწოდებ ყველა გოგოს, იყვნენ თავდაჯერებულები და თამამად განახორციელონ თავიანთი ამბიციები საზღვაო სფეროში“.
18 მაისს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად, ბნსუ გოგონებს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამებზე უფასო სწავლებას სთავაზობს.
