სიახლეები უკან

ბნსუ საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე

11 თებერვალი 2023

 2023 წლის 11 თებერვალს გაიმართა აჭარის დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი ქვეპროგრამის - ,,საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა’’ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიებაზე წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს ქვეპროგრამის ფარგლებში პროფესიული მომზადების პროგრამის - ,,სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულებს.  

პროფესიული მომზადების პროგრამა- „სამგზავრო გემის მიმტანი“, ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის - “ისწავლე დასაქმებისთვის!“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში განხორციელდა.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარადგინა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა და ხარისხის უხრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ.

ღონისძიებაზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს გადაეცა მადლობის სიგელი „სამგზავრო გემის მიმტანის“ პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავება/განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

დაჯილდოვების ცერემონიალს  დაესწრნენ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების,კულტურის და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,ტიტე აროშიძე,  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ქვეპროგრამის ,,საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა’’ მიზანია - საკრუიზო ლაინერზე ქართული სამუშაო ძალისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემცირება და ადგილობრივი შრომის ბაზრის საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტებით უზრუნველყოფა.

სწავლება მოიცავდა:

გემზე მიმტანის პროფესიული მიმართულებით - თეორიულ და პრაქტიკულ კურსს;

ინგლისურ ენაში არსებული ცოდნის ამაღლებას და პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიის შესწავლას;

მეზღვაურთა სერტიფიცირების კურსს - STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.

ქვეპროგრამით ისარგებლა 25-მა ბენეფიციარმა. პროფესიული მომზადების პროგრამის - „სამგზავრო გემის მიმტანი“ კურსდამთავრებულებს, უახლოეს ხანში, კომპანია Columbia Shipmanagement Georgia სამგზავრო ლაინერებზე დაასაქმებს.

მიმტანის პროგრამა

კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ -TV25