ბნუ EVTA-ს საერთაშორისო კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაზე
2026 წლის 11–13 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის პროფესიული განათლების ასოციაციის (European Vocational Training Association - EVTA) საერთაშორისო კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში - EVTA Open Conference & General Assembly 2026.
საერთაშორისო ღონისძიების მთავარი თემა იყო „პროფესიული განათლება განახლებული ევროპის ცენტრში“ (VET at the Centre of a Renewed Europe), რომელიც პროფესიული განათლებისა და მომზადების სტრატეგიულ როლს, შრომის ბაზრის ტრანსფორმაციას, თანამედროვე უნარების განვითარებასა და ევროპული განათლების სისტემების სამომავლო პრიორიტეტებს მიეძღვნა.
ღონისძიება გაიმართა European Skills & VET Week 2026-ის ფარგლებში, რომელიც ევროკომისიის ინიციატივითა და პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრის (Cedefop) ორგანიზებით ხორციელდება.
კონფერენციამ გააერთიანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, განათლების ექსპერტები, ევროპული ინსტიტუტების, დამსაქმებელთა ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელების წარმომადგენლები.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა პროფესიული განათლების განვითარების სამ ძირითად მიმართულებას - ადამიანები (People), ტრანსფორმაცია (Transitions) და მმართველობა (Governance). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული განათლების როლს ევროპის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, ციფრული და მწვანე ტრანსფორმაციის პროცესებში, ხელოვნური ინტელექტის გავლენას დასაქმებაზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლებას, პროფესიული უნარების განახლებასა და განათლების ხელმისაწვდომობას.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ევროკავშირის პროფესიული განათლების ახალი სტრატეგია და მისი გავლენა პროფესიული განათლების მიმწოდებელ დაწესებულებებზე. განხილვები შეეხო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიზნესსექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებასა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა „ბარსელონის განცხადების“ (Barcelona Statement) შემუშავებაზეც, რომლის მიზანია ევროპული პროფესიული განათლების სექტორის საერთო ხედვისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბება.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისთვის აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გაძლიერების თვალსაზრისით.
EVTA-ს საერთაშორისო პლატფორმაში აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებას, საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და პროფესიული განათლების სფეროში ევროპული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.
უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება პროფესიული განათლების ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთაშორისო მობილობა, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, ციფრული და მწვანე უნარების განვითარება, სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია და დამსაქმებელთა საერთაშორისო ქსელებთან თანამშრომლობა.
აღნიშნული მიმართულებები განსაკუთრებით აქტუალურია საზღვაო ინდუსტრიისთვის, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, გარემოსდაცვითი მოთხოვნები და შრომის ბაზრის სწრაფად ცვალებადი საჭიროებები პროფესიული კადრების მომზადებისადმი ახალ მოთხოვნებს აყალიბებს.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მონაწილეობა EVTA-ს საერთაშორისო ღონისძიებებში წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, გააძლიეროს საკუთარი პოზიციონირება ევროპულ პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეში, განავითაროს ახალი საერთაშორისო პარტნიორობები და შექმნას დამატებითი შესაძლებლობები პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის.
ბნუ აგრძელებს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ევროპულ საგანმანათლებლო ქსელებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრირებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში.
