სიახლეები უკან

ბნუ IAMU-ს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაზე

9 ოქტომბერი 2026

2026 წლის 6–9 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა (IAMU AGA26) და საერთაშორისო კონფერენციაში (IAMUC).

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გიორგი გაბედავა ჩაერთო უნივერსიტეტების პრეზიდენტთა ფორუმში, რომელიც საზღვაო უმაღლესი განათლების განვითარების სტრატეგიულ საკითხებზე აკადემიური დიალოგისა და ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო საზოგადოების საერთო პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განხილვაში.

კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში პროფესორმა გიორგი გაბედავამ კოლეგებთან ერთად წარადგინა IAMU-ს მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის - „Designing Remote Pilotage using Augmented Reality Technologies“ - შუალედური შედეგები. პროექტი გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებას ეხება და აერთიანებს საზღვაო სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების კვლევას.

პროფესორმა გიორგი გაბედავამ ასევე მოდერაცია გაუწია კონფერენციის სესიას — „Maritime English, Communication and Professional Competence“. სესია დაეთმო საზღვაო ინგლისურის, კომუნიკაციისა და პროფესიული კომპეტენციის საკითხებს, რომელთა ურთიერთკავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო და მულტიკულტურულ საზღვაო სამუშაო გარემოში.

კონფერენციის ფარგლებში მან წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი — „Maritime Competences for the Future: Role of Internationalization in Transversal Skills Development“. ნაშრომი განიხილავს ინტერნაციონალიზაციის როლს მომავლის საზღვაო პროფესიონალებისთვის აუცილებელი ტრანსვერსალური უნარების განვითარებაში და წარმოაჩენს საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობას პროფესიული მომზადების პროცესში.

IAMU-ს გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციაში მონაწილეობა ხელს უწყობს ბნუ-ს საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ჩართულობის გაძლიერებას, კვლევითი პარტნიორობის განვითარებასა და საზღვაო განათლების აქტუალურ საკითხებზე ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას. უნივერსიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა სტრატეგიულ დისკუსიებში, კვლევითი შედეგების წარდგენასა და სამეცნიერო სესიის მოდერაციაში ასახავს ბნუ-ს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო და კვლევით თანამშრომლობაში.