ბნუ-მ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 2026 წლის პირველ კოლეგიალურ ვიზიტს უმასპინძლა
2026 წლის 5–6 ივნისს, ბნუ-მ უმასპინძლა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის 2026 წლის პირველ კოლეგიალურ ვიზიტს, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა პროფესიული ორიენტაცია, დისტანციური და ჰიბრიდული სწავლება, ასევე ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი. შეხვედრის პროგრამა მოიცავდა როგორც თემატურ პრეზენტაციებს, ისე დისკუსიებსა და გამოცდილების გაცვლის სესიებს.
პირველი დღის განმავლობაში ბნუ-ს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნო პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით არსებული პრაქტიკა, გამოყენებული მიდგომები, მასალები და პროცესის ორგანიზების თავისებურებები. ასევე გაიმართა ხარისხის კომიტეტის პრეზენტაცია და დისკუსია, ხოლო შემდგომ სესიაზე განხილულ იქნა ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი, ძირითადი მიგნებები, ტენდენციები და დასკვნები.
მეორე დღე დაეთმო დისტანციური და ჰიბრიდული სწავლების საკითხებს. მონაწილეებმა განიხილეს მოქმედი რეგულაციები, ბნუ-ს გამოცდილება, არსებული გამოწვევები და პრაქტიკული საკითხები. შეხვედრა დასრულდა კოლეგიალური ვიზიტის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებების შეჯამებითა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვით.
კოლეგიალური ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის, რაც ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებასა და სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას.
