ბნუ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალზე
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა (ბნუ) მონაწილეობა მიიღო „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში – 2026“, რომელსაც 2026 წლის 16 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით გაიმართა.
ფესტივალის მიზანი იყო მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება, აგრეთვე მეცნიერების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბნუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ფესტივალის საგამოფენო სივრცეში უნივერსიტეტმა წარმოადგინა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო ნაშრომები და გამოცემები, ბნუ-ს ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, სტუდენტთა კვლევითი ნამუშევრები და უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის ამსახველი სხვა მასალები.
ფესტივალმა ბნუ-ს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, მიმდინარე კვლევითი საქმიანობა და საზღვაო განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები. ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო უნივერსიტეტებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
