ბნუ პარიზში გამართულ EVBB-ის საერთაშორისო კონფერენციაზე
2026 წლის 18-20 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ პროფესიული განათლების ევროპული ასოციაციის (European Association of Institutes for Vocational Training, EVBB) ყოველწლიურ კონფერენციაში. ღონისძიებამ პროფესიული განათლების სფეროს 350-ზე მეტი წარმომადგენელი გააერთიანა.
კონფერენციის მთავარი თემა იყო „ევროპის პროფესიული განათლების სტრატეგია პრაქტიკაში - უნარები, ბიზნესი და გლობალური პარტნიორობა“. კონფერენციის ფარგლებში, პროფესორმა გიორგი გაბედავამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეებს საქართველოში პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის გამოცდილება გააცნო.
დისკუსიები შეეხო ევროპული სტრატეგიის ეროვნულ რეფორმებში ასახვას, პროფესიული განათლების კავშირს შრომის ბაზართან და დამსაქმებლების როლს პროფესიული უნარების განვითარებაში. პრაქტიკულ სესიებზე მონაწილეებმა განიხილეს კვალიფიკაციების აღიარება და სამართლიანი შრომითი მობილობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ბიზნესს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა, საერთაშორისო პარტნიორობების ეფექტიანობა და პროფესიული განათლების რეფორმების მდგრადი დაფინანსება. ცალკე სესია დაეთმო Erasmus+ პროგრამის მომავალს 2027 წლის შემდეგ და მოსალოდნელ ცვლილებებს პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის.
კონფერენციაში მონაწილეობა ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევდა, საერთაშორისო კოლეგებისთვის გაეზიარებინა საქართველოს გამოცდილება და მათთან ერთად განეხილა პროფესიულ განათლებაში თანამშრომლობისა და მობილობის ახალი შესაძლებლობები.
