ბნუ-ს ადმინისტრაციული პერსონალის ERASMUS+ მობილობა სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში
2026 წლის 27–31 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის, სტუდენტური სერვისების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები ERASMUS+ Staff Training Mobility Programme-ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობას, ბიბლიოთეკის თანამედროვე სერვისებს, სტუდენტური მხარდაჭერის მექანიზმებს, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემასა და სასწავლო პროცესის მართვის საუკეთესო პრაქტიკებს. ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც მხარეებმა იმსჯელეს ადმინისტრაციული პროცესების გაუმჯობესების, პროფესიული განვითარების, ციფრული სერვისებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში აქტიურად გრძელდება. აღნიშნული მობილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ინსტიტუციური განვითარების პროცესს და ადმინისტრაციული მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას.
