სიახლეები უკან

ბნუ-ს პროფესორი საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ საერთაშორისო ვებინარზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

12 ნოემბერი 2026

2026 წლის 11 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ, მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ფილიპინების John B. Lacson Foundation Maritime University-ის (Arevalo) სამაგისტრო სკოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ვებინარში. ღონისძიება 31-ე საიუბილეო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართა.

მოხსენების თემა იყო „საზღვაო განათლების ინტერნაციონალიზაცია - მომავლის კომპეტენციების განვითარება გლობალური აკადემიური პარტნიორობის გზით“. გიორგი გაბედავამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ საზღვაო უნივერსიტეტებს თანამშრომლობის გზით მოამზადონ სტუდენტები ციფრულ, ავტომატიზებულ და მრავალკულტურულ სამუშაო გარემოში საქმიანობისთვის. მან ყურადღება გაამახვილა ციფრულ წიგნიერებაზე, ავტომატიზებული სისტემების შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გააზრებაზე, ენერგოეფექტიანობაზე, საზღვაო ინგლისურსა და უსაფრთხო გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მოხსენების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, როგორ აისახება საერთაშორისო თანამშრომლობა სტუდენტების სწავლის შედეგებზე. პროფესორმა გაბედავამ თანამშრომლობის პრაქტიკულ ფორმებად დაასახელა ერთობლივი ონლაინსწავლება, სიმულატორზე დაფუძნებული სავარჯიშოები, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა და ერთობლივი კვლევა. საქართველო–ფილიპინების თანამშრომლობის შესაძლო პირველ ნაბიჯად მან წარმოადგინა საპილოტე ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის სტუდენტები ერთობლივ ონლაინსესიაზე საზღვაო სფეროს პრაქტიკულ შემთხვევას გააანალიზებდნენ, ხოლო მათი ნამუშევარი საერთო კრიტერიუმებით შეფასდებოდა.

კითხვა-პასუხის დროს დისკუსია შეეხო ციფრული ტექნოლოგიების გავლენას ტრადიციულ მეზღვაურულ უნარებზე. გიორგი გაბედავამ ხაზი გაუსვა, რომ მომავალ მეზღვაურებს უნდა შეეძლოთ ელექტრონული სანავიგაციო სისტემების გამოყენება, მათი მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება და უსაფრთხო მოქმედება მაშინაც, როცა სისტემა არასანდო ინფორმაციას აწვდის ან მწყობრიდან გამოდის.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი მადლობას უხდის John B. Lacson Foundation Maritime University-ის (Arevalo) სამაგისტრო სკოლას მოწვევისა და საზღვაო განათლების მომავალზე პროფესიული დიალოგის შესაძლებლობისთვის.