ბნუ-ს წარმომადგენლები სამუშაო ფორუმს დაესწრნენ
2026 წლის 2 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო ფორუმი თემაზე: „პროფესიული განათლება და ბიზნესი: თანამშრომლობა რეგიონული განვითარებისათვის“.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასმათ დიასამიძემ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა პროფესიული განათლების მიმართულებით, ქეთევან ბაუჟაძემ.
ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის, საგანმანათლებლო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარ მიზანს პროფესიული პროგრამების შესახებ ბიზნესის ინფორმირება, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება და რეგიონში კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევა წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებზე მხარეებმა განიხილეს ბიზნესის თანამედროვე საჭიროებები, დუალური სწავლების მოდელები და პროფესიული განათლების როლი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.
