ბნუ საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის საერთაშორისო კონფერენციაზე (IMLA31)
2026 წლის 27–30 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ლე-ჰავრში, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Maritime Lecturers Association - IMLA) 31-ე საერთაშორისო კონფერენციაში (IMLA31), რომლის მთავარი თემა იყო „The Revised STCW and the Future of Maritime Education and Training“.
კონფერენციას მასპინძლობდა საფრანგეთის ეროვნული უმაღლესი საზღვაო სკოლა (École Nationale Supérieure Maritime - ENSM). ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო უნივერსიტეტების, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო საზღვაო განათლებისა და პროფესიული მომზადების თანამედროვე გამოწვევები, STCW კონვენციის განახლების საკითხები, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, სიმულატორებზე დაფუძნებული სწავლება, პროფესიული კომპეტენციების განვითარება და საზღვაო განათლების სამომავლო პერსპექტივები.
პროფესორმა გიორგი გაბედავამ კონფერენციაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი - „From Trust to Competence: A Behavioral Mediation Model in AI-Assisted Maritime English Training“. ნაშრომი მომზადდა შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან თანაავტორობით და ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საზღვაო სწავლების პროცესში, ნდობასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას შორის ურთიერთკავშირს.
პროფესორმა გიორგი გაბედავამ ასევე მოდერაცია გაუწია კონფერენციის ორ სამეცნიერო სესიას:
„Pedagogical Approaches, Competence Development and Assessment“. სესიაზე განხილული იყო საზღვაო განათლებაში სწავლების ინოვაციური მიდგომები, კომპეტენციების შეფასების მეთოდები და რეგიონული განვითარების საჭიროებებზე ორიენტირებული საზღვაო განათლების საკითხები.
„Professional Development and Educational Policy“. სესია დაეთმო საზღვაო განათლების სფეროში პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას, საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფასა და გემზე მიღებული პრაქტიკული გამოცდილების სასწავლო პროგრამებთან შესაბამისობის საკითხებს.
კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო IMLA32-ის ოფიციალური ანონსი, რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა, რომ 2027 წელს საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ქალაქ ბათუმში.
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და საზღვაო განათლების გლობალურ აკადემიურ სივრცეში მისი აქტიური ჩართულობის მნიშვნელოვანი დასტურია. 2027 წელს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის მასპინძლობა შექმნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და საქართველოს საზღვაო განათლების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის.
