DUGEOR-ის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია
2026 წლის 1–3 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი გაბედავა მონაწილეობდა Erasmus+ CBHE პროექტის — DUGEOR-ის („საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“) დასკვნით ღონისძიებებში.
2 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე შეჯამდა საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების განვითარების მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები - ევროპული გამოცდილების შესწავლიდან და დუალური უმაღლესი განათლების ზოგადი მოდელის შემუშავებიდან, შესაბამისი სამართლებრივი და ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოების განვითარებამდე და მოდელის რეალურ საუნივერსიტეტო და სამუშაო გარემოში გამოცდამდე.
DUGEOR-ის მიდგომის მთავარი პრინციპია უნივერსიტეტისა და კომპანიის სტუდენტისთვის ორ ურთიერთდაკავშირებულ სასწავლო გარემოდ ჩამოყალიბება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, სამუშაო ადგილზე სწავლა არ წარმოადგენს მხოლოდ დამატებით პრაქტიკას, იგი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი და ინტეგრირებული ნაწილია.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარადგინა ბნუ-ში, პარტნიორ კომპანია „ინტერლოგ ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით განხორციელებული დუალური უმაღლესი განათლების საპილოტე მოდელი. მან ისაუბრა პილოტირების პროცესზე, მიღებულ გამოცდილებაზე, მონაწილე მხარეებისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე, მოდელის ძლიერ მხარეებსა და შემდგომი განვითარების მიმართულებებზე.
საკუთარი ინსტიტუციური მოდელები და საპილოტე გამოცდილება ასევე წარმოადგინეს კონსორციუმის წევრმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, მათ პარტნიორ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან ერთად.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პარტნიორი უნივერსიტეტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გააზიარეს DUGEOR-ის საპილოტე პროცესში მონაწილე სტუდენტებმაც.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება DUGEOR-ის ფარგლებში მიღებული საპილოტე გამოცდილება საქართველოში დუალური უმაღლესი განათლების მდგრად სისტემად გარდაიქმნას.
DUGEOR-ის პროექტის დასრულება აღნიშნული პროცესის დასასრულს არ წარმოადგენს. შემდგომი ნაბიჯი პროექტის ფარგლებში დაგროვილი გამოცდილების, შექმნილი ინსტიტუციური მოდელებისა და უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება, გაფართოება და მათი მდგრადობის უზრუნველყოფა იქნება.
