ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან
2025 წლის 7 მაისს, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების დეტალურად გაცნობა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის იმ ძირითადი პროცესებისა და ინსტრუმენტების განმარტებას, რომლებიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და აკადემიური სტანდარტების დაცვას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასებას, რეგულარულ მონიტორინგსა და შეფასებას. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილული იქნა გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებიც — როგორებიცაა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, ინსტიტუციური ავტორიზაცია და გარე ექსპერტთა მიერ უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება.
მსგავსი შეხვედრები ეხმარება სტუდენტებს უკეთ გააცნობიერონ, თუ როგორ მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და როგორ შეუძლიათ თავადაც ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი უნივერსიტეტის უწყვეტი განვითარების პროცესში.
