მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია „მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“
„მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2022 წლის 24 ივნისს, მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა და შორეული ნაოსნობის კაპიტანმა, პარმენ ხვედელიძემ გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ივანე აბაშიძემ, ასევე ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნათია მიქელთაძემ და პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებმა უკრაინიდან და ბულგარეთიდან. კონფერენციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას სოლიდარობა გამოხატეს უკრაინისადმი მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო.
„საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები და ESG ფაქტორები: საკონტეინერო გადაზიდვების ინდუსტრიის მდგრადობა COVID-19 პანდემიის კრიზისში“, „COVID-19 პანდემიის გავლენა მსოფლიო სატრანსპორტო სექტორზე და მისი ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსათვის“, „ლოგისტიკური სისტემის კონკურენტუნარიანობის რეგიონული ასპექტები“, „ბიზნესი, პანდემია და ფორს-მაჟორის კრიზისად ტრანსფორმაცია“- ამ და სხვა თემებზე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა რამდენიმე საათის განმავლობაში იმსჯელეს.
მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე 4 სექცია მუშაობდა. მოხსენებები ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებმა რამდენიმე ენაზე წარადგინეს. მათ შორის, პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა უკრაინიდან.
