მესამე საერთაშორისო Excellence School
2025 წლის 24-26 იანვარს, ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი - პროფესორი, გიორგი გაბედავა, მესამე საერთაშორისო Excellence School-ში მონაწილეობდა, რომელიც I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. Excellence School-ის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა - „ინტელექტუალური საკუთრება უმაღლეს განათლებაში".
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გახსნა და ხაზი გაუსვა ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას, რომელსაც I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს.
სტუმრებს ასევე მიესალმნენ „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის" – საქართველო I2Q (WB) აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა კირთაძე და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პროფესორი ტატიანა ფუმასოლი.
საერთაშორისო Excellence School-ში 30 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობდა.
ღონისძიება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business Ltd-სთან პარტნიორობით) ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი მასპინძლობით გაიმართა.
