მეზღვაურთა დღე ბათუმში

ბათუმში მეზღვაურთა დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. 12 ივლისს სხვადასხვა აქტივობა ბათუმის ბულვარში გაიმართა.ზღვისპირა პარკში მოეწყო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კუთხე, სადაც გამოიფინა საზღვაო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
ბნსუ-ს სტუდენტებმა დადგეს ფლეშმობი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბენდის „Silver Drops”-ის წევრებმა ბნსუ-ს ჰიმნი, ასევე მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
უამინდობის გამო გადაიდო ოფიციალური ნაწილი, რომელიც 13 ივლისს 11:00 საათზე ბათუმის ნავსადგურში, მე-11 ნავმისადგომზე დაიწყო.
ყველაზე მამაცი პროფესიის ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. გაიმართა ტრადიციული საზეიმო მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან მე-11 ნავმისადგომისაკენ.
გაიხსნა „მეზღვაურთა სკვერი“. გარდაცვლილი პროფესიონალების პატივსაცემად გაიმართა საპატიო გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.
დააჯილდოვეს წარმატებული სტუდენტები და კურსამთავრებულები. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტიპენდიები დაუწესდათ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს: ნიკა ბერიძეს და ლევან იასამნიძეს.
ჯემალ ქათამაძეს, გიგა დიასამიძეს, თორნიკე თვარაძესა და თემურ ლორთქიფანიძეს გადაეცათ დიპლომები წარჩინებული სწავლისთვის.
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) გამოაცხადა. ამ დღეს მსოფლიო 2011 წლიდან აღნიშნავს. საქართველო კი ღონისძიებებს უკვე 9 წელია უერთდება. წელს კამპანიის სლოგანი იყო:# IAmOnBoard with gender equality
წელს ღონისძიებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო.
თემასთან დაკავშირებული სატელევიზიო მასალების ნახვა შეგიძლიათ აქ.

