საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის: სტუდენტის სტატუსის მართვის პროცედურები
2026 წლის 6 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის, რომლის მიზანი იყო სტუდენტის სტატუსის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საკითხების განმარტება.
შეხვედრის ფარგლებში ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ, სტუდენტებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურები, მობილობის წესები, სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული მოთხოვნები და ვადები.
სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბაძაღუამ, დამსწრეებს ასევე გააცნო ელექტრონული ჟურნალის ძირითადი ფუნქციები, მათ შორის სასწავლო მასალების ნახვის, დავალებების გაგზავნის, მიღებული კრედიტების გადამოწმების, სილაბუსის გაცნობისა და მიღებული წერილებისა და შეტყობინებების ნახვის ინსტრუქციები.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოცდებზე ქცევის წესების შესახებ, მათ შორის შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე მინიმალური ქულების მიღებისა და საბოლოო შედეგებზე გასვლის პირობების შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
