სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას მომდევნო 7 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სტუდენტების მიღების უფლება მიენიჭა. გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ მიმდინარე წლის 16 იანვარს მიიღო.
ბნსუ-ს სატრანსპორტო ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამა 2008 წელს დაარსდა. სწავლების მეორე საფეხურს ამ ეტაპზე 20-მდე სტუდენტი ეუფლება.
პროგრამის მიზანი სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ კონკურენტულ ბიზნეს-გარემოში სატრანსპორტო გადაზიდვების განმახორციელებელი ფირმების ეფექტიანი ფუნქციონირება და ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტა, ასევე ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება.
კურსდამთავრებულები შეძლებენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ აკადემიური უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე (დოქტორანტურაში) სწავლის გაგრძელებას, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში კომპეტენციების და შესაძლებლობების სრულ რეალიზებას.
