სტუდენტური მოხალისეობრივი პროექტი SUG - Skill Up Georgia ბნუ-ში
2026 წლის 17 ნოემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში სტუდენტური მოხალისეობრივი პროექტი „SUG - Skill Up Georgia“ განხორციელდა, რომელშიც ოთხი სკოლის (სკოლა „მონპარნასი“, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლა, ჩაისუბნის საჯარო სკოლა და მახინჯაურის საზღვაო სკოლა) 80 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტის მიზანია 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება, უსაფრთხოების კულტურის ამაღლება და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პირველი დახმარების საბაზისო პრინციპების შესახებ, გაეცნენ უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქციულ შეხვედრებსა და პრაქტიკულ სიმულაციებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო და კრიტიკულ სიტუაციებში სწორი მოქმედების წესების გაცნობას.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების განვითარებას, არამედ ლიდერული, კომუნიკაციური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობისა და მოხალისეობრივი საქმიანობის კულტურის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება სტუდენტური მოხალისეობის ფესტივალის ფარგლებში, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით.
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას და სტუდენტების საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობას.
