8 ივნისი მსოფლიო ოკეანის დღე 8.06.2020

8 ივნისი მსოფლიო ოკეანის დღეა.
"Innovation for a Sustainable Ocean / ინოვაცია მდგრადი ოკეანისთვის"- ეს მიმდინარე წლის ამ დღის სლოგანია.
პირველად მსოფლიო ოკეანის დღის კონცეფცია 1992 წელს კანადის მთავრობამ წარადგინა რიო დეჟანეიროს “დედამიწის ყოველწლიურ სამიტზე”. 2009 წლიდან კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ოკეანის დღე ოფიციალურად ყოველ 8 ივნისს აღინიშნება.
ოკეანეები დედამიწის ზედაპირის ⅔ ფარავს და ის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.ოკეანეებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ნახშირორჟანგის შთანთქმასა და დიდი რაოდენობით ჟანგბადის გამოყოფაში, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში.
ადამიანები საკუთარი საქმიანობით ნეგატიურ გავლენას ახდენენ ოკეანეების მდგომარეობაზე. ყოველწლიურად დიდი რაოდენობით პლასტმასის ნარჩენს სწორედ ოკეანეში განათავსებენ, რაც პლასტმასის მოტივტივე კუნძულებს ქმნის და დიდ ზიანს აყენებს ოკეანის ბიომრავალფეროვნებას.
აღსანიშნავია ასევე ოკეანეებში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების კონცენტრაციის ზრდა, რაც რიგ შემთხვევაში, ოკეანეების მჟავიანობის მატებას იწვევს.
ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები და შემეცნებითი ტურები ოკეანის და მისი ეკოსისტემების პრობლემების გასაცნობად.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებები ვერ დაიგეგმა.
