სიახლეები უკან

ბნსუ პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულზე

23 მაისი 2025

2025 წლის 19-21 მაისს, ბნსუ-ს პროფესიული განათლების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში "VET Connect 2.0: International Week of Vocational Partnerships", რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული.

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაციები წარუდგინა. პრეზენტაციები ეფუძნებოდა ქვეყნების გამოცდილებას და ასახავდა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, ინოვაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობას და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

კვირეულის პროგრამა ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც განხილული იყო პროფესიული განათლებისა და სტარტაპების ურთიერთკავშირი, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი და ინოვაციური მეთოდების გამოყენება სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ინტერაქციული ფორმატის სესიები  – მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს თავიანთი კოლეჯების საინფორმაციო მასალები და პროექტები. ბნსუ-ს წარმომადგენლებმა გააკეთეს ვრცელი პრეზენტაცია ბნსუ-ს პროფესიული პროგრამების შესახებ და მონაწილეებს წარუდგინეს უნივერსიტეტის საინფორმაციო მასალები. პრეზენტაციამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და დაინტერესება გამოიწვია უცხოელი კოლეგების მხრიდან.

ღონისძიებამ ქართველ და უცხოელ მონაწილეებს საშუალება მისცა გაეზიარებინათ გამოცდილება, გაეცვალათ იდეები და განეხილათ საერთო გამოწვევები, რამაც გამოფენა პროფესიული კავშირების დამყარების ეფექტურ პლატფორმად აქცია. მან ხელი შეუწყო კოლეჯების ერთმანეთთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.

ღონისძიებში ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბნსუ-ს მიერ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისადმი ღია მიდგომას და მზაობას საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.