ბნსუ-ს სტუდენტები ანაკლიის პორტის მშენებლობას გაეცნენ

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაკლიის პორტის მშენებლობას გაეცნენ. გაცნობითი ხასიათის ვიზიტი 3 მაისს შედგა. ახალგაზრდებმა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს უკვე შესრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ანაკლიის პორტის ტექნიკურმა გუნდმა უმასპინძლა. მათ დეტალურად ისაუბრეს პორტის განვითარების შემდგომ 9 ეტაპზე, სავარაუდო ვადებსა და პირობებზე. ასევე ნავმისადგომების რაოდენობაზე, პორტის საერთო ტვირთბრუნვისა და გემთბრუნვის შესაძლებლობებზე.
საველე დათვალიერებამდე, ბნსუ-ს წარმომადგენლებმა გაიარეს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რის შემდგომაც, მათ დაურიგდათ საველე პირობებში უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის საჭირო სპეციალური ტანსაცმელი და აღჭურვილობა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. ნავსადგური პირველ გემებს 2021 წელს მიიღებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისა და მშენებლობის პროექტს ქართულ- ამერიკული კონსორციუმი - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ახორციელებს.

