სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენელი რექტორთა საბჭოს შეხვედრაზე

18 ივნისი 2026

2026 წლის 17 ივნისს, ბნუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი, ლალი ხვედელიძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო. შეხვედრას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით წარიმართა, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმისა და დაფინანსების ახალი მოდელის პროექტი განიხილეს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სახელმწიფო უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე სწავლის სრულად დაფინანსებაა. მინისტრის განცხადებით, ახალი ორკომპონენტიანი მოდელი საბაზო და სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებულ დაფინანსებას ემყარება, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტების ფინანსურ ავტონომიას და ორიენტირებულია ხარისხსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე.

მსოფლიო ბანკის ჩართულობით შემუშავებული პროექტის განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საბჭომ ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

ფოტომასალის წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო