სიახლეები უკან

ბნუ-ს წარმომადგენლები POSIDONIA 2026-ის საერთაშორისო საზღვაო გამოფენაში

5 ივნისი 2026

2026 წლის 1-2 ივნისს, ათენში (საბერძნეთი), გაიმართა მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საზღვაო გამოფენა POSIDONIA 2026, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ აკადემიური მიმართულებით, ასოცირებულმა პროფესორმა ელიდა ხვედელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ.

POSIDONIA 2026 წარმოადგენს გლობალური საზღვაო ინდუსტრიის წამყვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს გემთმფლობელებს, გემის მართვის კომპანიებს, საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზღვაო ტექნოლოგიების მიმწოდებლებსა და სხვა მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გამოფენის ფარგლებში ბნუ-ს წარმომადგენლებმა გამართეს არაერთი სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო გემის მართვისა და საკრუინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საზღვაო პრაქტიკის, საკადეტო პროგრამებისა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, ასევე ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრების მიმდინარეობისას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორ ორგანიზაციებს გააცნეს ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები, საზღვაო მომზადების ინფრასტრუქტურა და კადრების მომზადების თანამედროვე მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვის კუთხით.

POSIDONIA 2026-ში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ბნუ-ს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო და პროფესიულ სივრცეში, ასევე მის მისწრაფებას გააძლიეროს თანამშრომლობა გლობალურ საზღვაო სექტორთან სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების, პრაქტიკული მომზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაფართოებლად.