ბნუ-ს წარმომადგენლები ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ
2026 წლის 2 ივნისს, ბნუ-ს წარმომადგენლები და სტუდენტები ქუთაისის №1 და №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში ბნუ-სთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ვიზიტის მიზანი იყო საზღვაო პროფესიებისა და საზღვაო განათლების პოპულარიზაცია, ასევე მოსწავლეებისთვის მეზღვაურის პროფესიის სპეციფიკის, კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში არსებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრის ფარგლებში ბნუ-ს წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ისაუბრეს სასწავლო პროგრამებზე, საერთაშორისო შესაძლებლობებზე, პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობასა და იმ პერსპექტივებზე, რომლებსაც საზღვაო სფერო ახალგაზრდა თაობას სთავაზობს.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები, და უშუალოდ გაცნობოდნენ საზღვაო განათლებისა და პროფესიული განვითარების გზებს. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის პროცესში. ისინი ხელს უწყობს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა პროფესიის შესახებ, ეხმარება მათ მომავალი კარიერული გზის გააზრებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. ამასთანავე, საზღვაო განათლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობისთვის დარგის შესაძლებლობების გაცნობა მნიშვნელოვანია ქვეყნის საზღვაო სექტორის მდგრადი განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის.
