ბნუ-ს წარმომადგენლის მონაწილეობა WMU Maritime Affairs Conference 2026-ში
2026 წლის 26–28 აგვისტოს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა და პროფესორმა გიორგი გაბედავამ, სპეციალური მოწვევით მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (WMU) მიერ ორგანიზებულ Maritime Affairs Conference 2026-ში, რომელიც შვედეთის ქალაქ მალმოში, WMU-ში გაიმართა.
WMU Maritime Affairs Conference წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საზღვაო სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აკადემიური წრეებიდან, ინდუსტრიიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკის შემმუშავებელი ინსტიტუტებიდან. 2026 წლის კონფერენციის მთავარი თემა იყო „Transforming Shipping in Practice: Decarbonization, Digitalization, and Arctic Navigation“.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის დეკარბონიზაციაზე, საზღვაო ტრანსპორტის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური ტექნოლოგიების განვითარებაზე, მარეგულირებელი ჩარჩოების ცვლილებებსა და არქტიკულ ნავიგაციაზე. კონფერენციის პროგრამა მოიცავდა თემატურ სესიებს, ძირითად მოხსენებებსა და პროფესიულ დისკუსიებს საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პროფესიული და აკადემიური კავშირების გაძლიერების, თანამედროვე საზღვაო განათლებისა და კვლევის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტისთვის ახალი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვისთვის.
მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში ბნუ-ს წარმომადგენლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას, გლობალურ საზღვაო აკადემიურ სივრცეში მის აქტიურ ჩართულობას და ახალი ინსტიტუციური, საგანმანათლებლო და კვლევითი პარტნიორობების განვითარებას.
