ბნუ-ში პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის შეხვედრების პირველი ეტაპი დასრულდა
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში (ბნუ) სტუდენტთა სწრაფ და ეფექტიან ადაპტაციასა და მათ სრულფასოვან ინტეგრაციას სასწავლო გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მიზნით, უნივერსიტეტმა პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც სტუდენტების მხარდაჭერას, მათ აკადემიურ და სოციალურ ინტეგრაციასა და სასწავლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას ისახავს მიზნად.
პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმის პირველი ეტაპის ფარგლებში, 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, ბნუ-ში შეხვედრების სერია გაიმართა. აქტივობების მთავარი მიზანი პირველკურსელთა სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაცია, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული გარემოს გაცნობა და სტუდენტებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება იყო.
შეხვედრების ფარგლებში პირველკურსელებს შეხვდნენ ბნუ-ს ფაკულტეტების დეკანები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის, სტუდენტური სერვისების სამსახურის, შრომის უსაფრთხოების სამსახურის, ბიბლიოთეკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა წარმომადგენლები და ბნუ-ს იურისტი. სტუდენტებს ასევე შეხვდნენ სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობის წევრები.
შეხვედრების ფარგლებში პირველკურსელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს:
- სასწავლო პროცესის სტრუქტურისა და აკადემიური პროცესის სპეციფიკის შესახებ;
- რეგისტრაციისა და შეფასების პროცედურების შესახებ;
- სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ;
- უსაფრთხოების დაცვის ნორმებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
- უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებისა და სამართლებრივი მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ;
- გაცვლითი პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების შესახებ;
- საბიბლიოთეკო რესურსების, სერვისებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
- უნივერსიტეტის საკომუნიკაციო არხებისა და საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ;
- სტუდენტთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ;
- ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ.
პირველკურსელთა სოციალიზაციისა და ადაპტაციის გეგმას საფუძვლად უდევს ბნუ-ს დოკუმენტი „სტუდენტების და პროფესიული სტუდენტების ადაპტაცია და უცხოელი სტუდენტების ხელშეწყობა“.
ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროგრამა პირველკურსელთა მხარდაჭერის ერთიანი პროცესის ნაწილია და მისი მიზანია, სტუდენტებმა უნივერსიტეტში სწავლის პირველი დღეებიდანვე თავი იგრძნონ ინფორმირებულ, მხარდაჭერილ და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
