ნოვი სადის ბიზნეს აკადემიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბნუ-ში
2026 წლის 18–22 მაისს, ბნუ-მ ნოვი სადის ბიზნეს აკადემიის უნივერსიტეტის (სერბეთი) წარმომადგენლებს უმასპინძლა: საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში ვიცე-რექტორს, პროფესორ მარიანა მლადენოვს და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელს, პროფესორ მილენა გალეტინს. ვიზიტი Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
სტუმრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ბნუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან-კანცლერთან, ლალი ხვედელიძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელთან, პროფესორ გიორგი გაბედავასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მობილობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაფართოების შესაძლებლობები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ერთობლივი კვლევითი პროექტების, საერთაშორისო კონფერენციების, აკადემიური ღონისძიებებისა და სამომავლო საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ბნუ-ს ისტორიას, მისი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო პარტნიორულ ქსელს. ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის თანამედროვე სასწავლო აუდიტორიები, სპეციალიზებული ლაბორატორიები და საზღვაო სიმულატორული ცენტრები, სადაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია სტუდენტების პრაქტიკულ და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.
სტუმრებისთვის ასევე მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ბათუმის კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სერბეთს შორის აკადემიური და კულტურული კავშირების გაძლიერებას.
ვიზიტი დასრულდა თანამშრომლობის სამომავლო გეგმების განხილვითა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზაობის დადასტურებით. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ უახლოეს წლებში კიდევ უფრო გააქტიურდეს ერთობლივი საქმიანობა Erasmus+ პროგრამისა და სხვა საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში.
