რექტორთა კონფერენცია
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი–კანცლერი, ლალი ხვედელიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გამართულ რექტორთა კონფერენციას დაესწრო, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული საჯარო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმის კონცეფციის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი განათლების სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ეტაპი და განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონის მომზადებაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში რექტორთა კვოტირების საკითხი.
კონფერენცია დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და მონაწილეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
