რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 08.08.2021

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი 2021 წლის 7-8 ივლისს დაესწრო რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის მეორეს ხდომას. კონფერენციაში საქართველოს 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გახსნეს.
ორდღიან კონფერენციაზე საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა განიხილეს საკითხები უნივერსიტეტის თავისუფლებისა და აკადემიური თავისუფლების შესახებ, უნივერსიტეტების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასა და უნივერსიტეტთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე.
აგრეთვე, იმსჯელეს რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2019 წელს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის პირველ თავმჯდომარედ კონფერენციის წევრებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.
რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. კონფერენცია იზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს არის ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები მსჯელობენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და აჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.
კონფერენციას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

