სიახლეები უკან

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი ბნუ-ში

10 სექტემბერი 2026

2026 წლის 9 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს (ბნუ-ს) საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი ტაკეში ნაკაზავა და საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (IMLA) საპატიო თავმჯდომარე, დოქტორი ელისონ ნოუბლი ეწვივნენ.

სტუმრებს ბნუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა-კანცლერმა, ლალი ხვედელიძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი გაბედავამ უმასპინძლეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საზღვაო განათლების სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო ტენდენციები, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ ასოციაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საერთაშორისო პროექტების განვითარების პერსპექტივები.

სტუმრები გაეცნენ ბნუ-ს საქმიანობას, საგანმანათლებლო მიმართულებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილებას. საუბარი შეეხო საზღვაო განათლების ხარისხის განვითარებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, აკადემიური პერსონალის პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებას.

ბნუ-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს IAMU-სა და IMLA-სთან თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. შეხვედრამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო სივრცეში და საფუძველი შექმნა სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად.