საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ვიზიტი ბნუ-ში
2026 წლის 6 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ივანე აბაშიძე ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა დაათვალიერა უნივერსიტეტის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სანავიგაციო და სიმულაციური ბაზები და საწვრთნელი აუზი, გაეცნო სასწავლო პროგრამებსა და მომავალი მეზღვაურების პროფესიული მომზადების პროცესს.
“კერძო უნივერსიტეტების არსებობა და განვითარება საზღვაო უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქმნის ხარისხიანი განათლების მიღების დამატებით შესაძლებლობებს, ზრდის კონკურენციას, ხელს უწყობს თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ქვეყნისთვის მაღალკვალიფიციური საზღვაო კადრების მომზადებას” - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ უნივერსიტეტში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ტექნიკური განახლება სრულად კერძო ინვესტიციით განხორციელდა. განახლებულია როგორც სასწავლო შენობა, ისე თანამედროვე სასწავლო და სიმულაციური აღჭურვილობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და სტუდენტებს თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს გლობალური გამოცდილების მიღებისა და პროფესიული ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
ივანე აბაშიძის განცხადებით, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ თანამედროვე და კონკურენტუნარიან საზღვაო საგანმანათლებლო სივრცეს რეგიონში, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად ამზადებს მაღალკვალიფიციურ საზღვაო სპეციალისტებს.
შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის დამფუძნებელს, შორეული ნაოსნობის კაპიტანს პარმენ ხვედელიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს-კანცლერს ლალი ხვედელიძესა და რექტორის მოადგილეს ელიდა ხვედელიძეს მათი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოში საზღვაო განათლების განვითარებასა და მაღალი სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში.
სააგენტოს დირექტორთან ერთად ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს დირექტორის მოადგილეები, თამაზ იმერლიშვილი და რევაზ პატარაძე სტუმრობდნენ.
