სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ბნუ-ში
2026 წლის 20–24 ივლისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტმა (ბნუ) პარტნიორი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (Istanbul Technical University) წარმომადგენლებს უმასპინძლა. ვიზიტი ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში შედგა.
ვიზიტის ფარგლებში ბნუ-ს სტუმრობდნენ ფირათ ბოლათი – სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჰატიჯე იფექბაირაქი – საერთაშორისო და გლობალური გაცვლითი პროგრამების ოფისის წარმომადგენელი და ალი ჯუმჰურ იფექბაირაქი – სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენელი.
ვიზიტის განმავლობაში სტუმრები გაეცნენ ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას, სასწავლო-საწვრთნელ ბაზასა და საერთაშორისო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან, სადაც განხილულ იქნა მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები, მიმდინარე ერთობლივი აქტივობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის შესაძლებლობების გაფართოებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ინიციატივების დაგეგმვას.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი ბნუ-ს მრავალწლიანი პარტნიორი უნივერსიტეტია. ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში უკვე მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
