საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც სტრატეგიული დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირება ხორციელდება. შესაბამისად, საქართველო წარმოადგენს „ევროპა-კავკასია-ცენტრალური აზიის ინტერმოდალური სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემის’’, ანუ უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური დერეფნის საკვანძო პუნქტს (HUB). სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი ტრანსპორტირების და ლოგისტიკის სფეროებში საქართველოს რეგიონის ლიდერად გადაქცევაა. გაიზრდება როგორც მოძრაობის ინტენსივობა და ტვირთბრუნვა, ასევე, გადამუშავებული ტვირთის მოცულობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება.
ამდენად, ძალზე აქტუალურია სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური, თანამედროვე თეორიული ცოდნის მქონე და პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ სატრანსპორტო-საექსპედიტორო და ლოგისტიკური ფირმების ბიზნეს-სტრატეგიების შექმნასა და დაგეგმარებას, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ყველა სახის სატრანსპორტო გადაზიდვების ეფექტურ მართვას, ორგანიზაციული სტრუქტურების განვითარებას, ლოგისტიკის განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის შესაბამისი ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
პროგრამის მიზანი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მომზადდეს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრები სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, რომლებიც შეძლებენ:
- სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზრის კვლევას;
- რთული და არასრული/წინააღმდეგობრივი ინფორმაციის ანალიზს
- დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე კომპანიის ლოგისტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებას;
- ლოგისტიკური პროცესების და ბიზნეს-პროცესების მართვას, მათ შორის ორგანიზაციის ადამიანური რესურსის მიმართულებით;
- სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებას;
- სატრანსპორტო პროცესების ოპტიმიზაციას და მართვას;
- მართებული გადაწყვეტილების მიღებას, განხორციელებას და სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისთვის წარდგენას;
- თვითგანვითარებას და პროფესიული კომპეტენციების დამოუკიდებლად სრულყოფას.
პროგრამის სწავლის შედეგები
კურსდამთავრებული:
- განიხილავს სტრატეგიული ანალიზის, ფინანსური ნაკადების, ლოგისტიკური რისკების, ლოგისტიკური საინფორმაციო სისტემების მნიშვნელობასა და მათი გამოყენების არეალს;
- აანალიზებს საკვანძო ბიზნეს-პროცესების არსებულ მდგომარეობას და მიწოდებათა ჯაჭვის ქსელურ სტრუქტურას, ლოგისტიკური საქმიანობის და მიწოდებათა ჯაჭვის მართვასა და კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს;
- ახორციელებს მიწოდებათა ჯაჭვის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დაგეგმვას;
- ბიზნესის მონაცემებთან მუშაობის ძირითადი პრინციპების გამოყენებით განსაზღვრავს საჭირო ადამიანურ რესურსს ორგანიზაციის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიმუშავებს და სრულყოფს საკვანძო ბიზნეს-პროცესების კონტროლისა და მონიტორინგის სისტემას;
- შეიმუშავებს და იყენებს მიწოდებათა ჯაჭვის მდგრადობის უზრუნველყოფის, ეფექტიანობის ზრდის და რისკების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების გეგმებს;
- წყვეტს ორგანიზაციათაშორისი კოორდინაციის პრობლემებს მიწოდებათა ჯაჭვის კონტრაგენტებთან;
- დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე აყალიბებს კომპანიის ლოგისტიკურ სტრატეგიას;
- იყენებს წერითი და ზეპირი კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, სამუშაოს შესრულებისას სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვის უნარებს;
- უახლესი ინფორმაციის და დარგში არსებული ტენდენციების შესწავლით, დამოუკიდებლად ახდენს მიღებული კომპეტენციების და პროფესიული უნარების სრულყოფას.
დასაქმების სფერო
წინამდებარე პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს საჯარო და კერძო სექტორში, რომლებიც აწარმოებენ საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების დაგეგმვასა და ორგანიზებას, მათ შორის: სატრანსპორტო-საექსპედიტორო ფირმები და ორგანიზაციები, სატრანსპორტო კომპანიები (ნავსაგდური, აეროპორტი, რკინიგზა) ტერმინალები, ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ფირმები, საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების მმართველი კომპანიები, ფორვარდული სააგენტოები, სატრანსპორტო ადმინისტრაციები. ბნუ-სთან თანამშრომლობენ სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიები, რომლებიც არიან ბნუ-ს კურსდამთავრებულთა ძირითადი დამსაქმებლები.
პროგრამაზე დაშვება
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე (ტესტის ნიმუში 1; ნიმუში 2)
- შიდა გამოცდა სპეციალობაში (საგამოცდო საკითხები).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ლოგისტიკის მაგისტრი
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი (ECTS)
პროგრამის ხელმძღვანელი: ქეთევან გოლეთიანი, პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;
თენგიზ აფხაზავა, პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.
