ბნუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა შეიქმნა 2008 წელს, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღებისთანავე.
ბნუ-ს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობა აერთიანებს ბნუ-ს სტუდენტებს და პროფესიულ სტუდენტებს, არის მათი წარმომადგენლობითი ორგანო და ბნუ-ს ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ბნუ-ს შინაგანაწესით და წინამდებარე დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას როგორც ბნუ-ს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ბნუ-ს მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2026 წელს. მისი უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. ის შედგება საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის 8, ლოგისტიკის ფაკულტეტის 1 და პროფესიული განათლების დეპარტამენტის 3 სტუდენტისაგან.
ბნუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეა საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის“ მეორე კურსის სტუდენტი გიორგი მელაძე.
სტუდენტური თვითმმართველობა უზრუნველყოფს:
- სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინტერესების დაცვას, მათ მონაწილეობას ბნუ-ს მართვაში;
- წარმოადგენს სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინტერესებს ბნუ-ს მართვის ორგანოებთან ურთიერთობაში;
- უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტისა და ბნუ-ს მართვის და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ან წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის მიზნით;
- ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით ან დამოუკიდებლად შეაფასოს სასწავლო პროცესი, აკადემიური და მოწვეული პერსონალის მუშაობა;
- დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად მოაწყოს შეხვედრები, დებატები, დისკუსიები, ტრენინგები, საგანმანათლებლო, ლიტერატურული, სპორტული, კულტურული, გასართობი, სამეცნიერო და კანონით ნებადართული სხვა სახის ღონისძიებები;
- დაასაბუთოს, მოითხოვოს, მიიღოს და მიზნობრივად განკარგოს შესაბამისი დაფინანსება,
- დაამყაროს კავშირი საქართველოს და უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტურ თვითმმართველობებთან და კავშირებთან;
- ითანამშრომლოს სხვა სტუდენტურ გაერთიანებებთან, სამთავრობო და არასამთავრობო, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვ.
ბნუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:
- განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური შეხედულებისა, მოქალაქეობისა და ეთნიკური კუთვნილებისა, აკადემიური მოსწრების და სოციალური მდგომარეობისა სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა პიროვნული ღირსებების, უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა;
- ბნუ-ს მართვაში და გადაწყვეტილებების მიღებაში სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- სასწავლო პროცესის და განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში მონაწილეობა;
- სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა ინიციატივების მხარდაჭერა, პიროვნული პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებაში დახმარება;
- ბნუ-ს მიერ გამართულ ღონისძიებებში ყველა სტუდენტისთვის და პროფესიული სტუდენტისთვის თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
- სტუდენტებში და პროფესიულ სტუდენტებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაზიარება, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კანონისადმი პატივისცემის გრძნობის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
- ბნუ-ს განვითარებისა და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ამ პროცესებში ბნუ-ს სტუდენტთა ჩართულობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელ.ფოსტა: self-government@bnu.edu.ge
