საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი
საზღვაო პრაქტიკა ტარდება გემზე, წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო-საწვრთნელ ნაწილს და მოიცავს:
- სასწავლო პრაქტიკას - პრაქტიკული უნარების დახვეწა-დადასტურებაზე მიმართული პრაქტიკა;
- საცურაო პრაქტიკას - რეალურ გარემოში გემზე მეზღვაურის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებაზე მიმართული პრაქტიკა. საცურაო პრაქტიკის გავლა არ მოეთხოვება სტუდენტს, რომელსაც უდასტურდება შესაბამისი ნაოსნობის სტაჟი (დაფიქსირებულია მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში და წარმოადგენს დოკუმენტურ მტკიცებულებას). ამ შემთხვევაში სტუდენტს საცურაო პრაქტიკა ეთვლება გავლილად. გარდა ამისა, თუ სტუდენტს დოკუმენტურად უდასტურდება საცურაო პრაქტიკის პერიოდში სასწავლო პრაქტიკის კომპონენტ(ებ)ის შესაბამისი კომპეტენციების მიღწევა (სამუშაოს შესრულება, სხვ.), მაშინ სასწავლო პრაქტიკის შესაბამისი კომპონენტ(ებ)ი ითვლება გავლილად და შესაბამისი კომპეტენცია/კომპეტენციები - დადასტურებულად (ენიჭება კომპონენტის შეფასების მაქსიმალური შესაძლო ქულა).
საზღვაო პრაქტიკა ტარდება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული კურსის დასრულების შემდეგ. სტუდენტებს ეძლევათ უფლება, გაიარონ სასერტიფიკატო კურსები ბნუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში; მეზღვაურის წიგნაკისა და შესაბამისი სერტიფიკატების მიღების შემდეგ, სტუდენტები გადიან პრაქტიკისათვის მოსამზადებელ კონსულტაციებს, ინსტრუქტაჟს წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის წარმოების წესების თაობაზე.
მიზანი: რეალურ გარემოში (გემზე) მეზღვაურის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება.
ხანგრძლივობა: მთლიანობაში საზღვაო პრაქტიკის ხანგრძლივობა შეადგენს 06 თვეს.
ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკულტეტი
პრაქტიკა არის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალობის სავალდებულო კომპონენტი, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს დახვეწოს და განავითაროს აკადემიურ გარემოში შეძენილი ცოდნა და უნარები.
პრაქტიკა ხორციელდება ბნუ-სა და პრაქტიკის გავლის ობიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პრაქტიკის ობიექტის შერჩევისას მხედველობაში მიიღება: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკა და კურსდამთავრებულისთვის მისანიჭებელი კვალიფიკაცია, პრაქტიკაზე მიმღები ობიექტის საქმიანობის სფერო და სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო.
პრაქტიკის მიზნებია: სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცება; პრაქტიკულ გარემოში მოქმედების უნარების ჩამოყალიბება-განვითარება და იმ უნარების შეძენა, რომელთა ჩამოყალიბება შეუძლებელია მხოლოდ აკადემიურ გარემოში; რეალურ სამუშაო გარემოში ცოდნის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შერწყმა, რეალურ სამუშაო გარემოსთან სტუდენტის დაახლოვება, მომავალი პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციების მიღწევა და რეალურ სამუშაო გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება; პრაქტიკულ სამუშაოსთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, კლასიფიკაციის, დამუშავების, ანალიზის და პრობლემების გადაწყვეტის გზების დასახვის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება-განმტკიცება; შესრულებული სამუშაოს დახასიათების, აღწერის, ანალიზის, დასკვნების ფორმულირების და დასაბუთების უნარის დახვეწა; წარმატებული პროფესიონალური საქმიანობისთვის ცოდნის მუდმივი განახლების და პრაქტიკული უნარების სრულყოფის აუცილებლობის გაცნობიერება; პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირება სტუდენტების კოპეტენციების წარმოჩენისა და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
