გემის აგენტის გადამზადების პროგრამა

კურსის აღწერა

მიწოდების  გლობალური  ჯაჭვი კომპლექსური ცნებაა და ეფექტიანობის მიღწევა  ჯაჭვის  თუნდაც ერთ რგოლზე, დადებითად აისახება ყოველ მომდევნოზე. გემის აგენტები ამ ჯაჭვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლია.  ისინი თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ კონკურენტულ და მუდმივად ცვალებად ბაზარზე, ამიტომ ეს სფერო მოითხოვს სათანადოდ გადამზადებულ პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს როგორც მიწოდების სისტემის სრულყოფის პერსპექტივებზე, ისე ქვეყნის ლოგისტიკურ პოტენციალზე.

გემის აგენტი არის პირი, რომელიც გემის ოპერატორს (Ship Operator) ან გემის მმართველს აჰყავს სამუშაოზე სააგენტო კომპანიიდან, რათა მან წარმოადგინოს მისი, როგორც გემთმფლობელის ინტერესები უცხო (არა გემის მიწერის ნავსადგურში) ნავსადგურში. ის არის შუამავალი გემის ოპერატორსა და ნავსადგურის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის გემთან მიმართებით, გემის ნავსადგურში შემოსვლისა და ნავსადგურიდან გასვლის პერიოდში. ის გემთმფლობელთან შეთანხმებით არის მისი, გემის, კაპიტნისა და ეკიპაჟის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კონკრეტულ ნავსადგურში და  ახდენს, ერთი მხრივ, კოორდინაციას გემსა და ნავსადგურის ყველა სამსახურს შორის და, მეორე მხრივ, ახორციელებს ყველა გემის ნავსადგურში შესვლა/გასვლასთან და სატვირთო ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა ტიპის ფინანსურ ანგარიშსწორებას.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს: გემისა და ტვირთის დოკუმენტაციის სწორად იდენტიფიცირებასა და წარმოებას; კოორდინაციის განხორციელებას გემსა და ნავსადგურის/სახელმწიფო ორგანოებს შორის; გემის საზღვრის გახსნა-დახურვის ორგანიზებას; სატვირთო ოპერაციების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშსწორებებს; კომუნიკაციას საზღვაო სფეროში; სტანდარტული ბიზნეს-დოკუმენტაციის წარმოებას ინგლისურ ენაზე; საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში შესაბამისი ქმედებების შესრულებას.

კურსებზე დაშვების წინაპირობა

გადამზადების პროგრამაზე დაიშვება 18 წელს მიღწეული პირი, რომელიც შერჩეულ დაწესებულებას წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • საიდენტიფიკაციო (ID) ბარათი ან სამოქალაქო პასპორტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);
  • ინგლისური ენის A2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში გავლილი ინგლისური ტესტის  სულ მცირე 60%-იანი დადებითი შედეგი.

კურსის ხანგრძლივობა: 17 დღე (105 სთ)